როგორ: ვისარგებლოთ Signal-ით Android-ზე

English

Signal არის უფასო პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაცია ღია საწყისი კოდით Android, iOS და სამუშაო დაფისთვის, რომელიც იყენებს გამჭოლ დაშიფვრას კავშირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კავშირის დამყარება შესაძლებელია ცალკეულ პირებთან ან ჯგუფთან, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გააგზავნონ დაშიფრული ტექსტი, სურათი, აუდიო და ვიდეო შეტყობინებები და ასევე მიიღონ მონაწილეობა ცოცხალ ვიდეო და აუდიო ზარებში. ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის ყველა მომხმარებელს უნდა ჰქონდეს დაინსტალირებული აპი — Signal. დაშიფრული ზარები და შეტყობინებები იყენებს თქვენს მონაცემთა კავშირს; ამიტომ საუბრის ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს ინტერნეტზე წვდომა თავის მობილურ მოწყობილობებზე. შედეგად, Signal-ის მომხმარებლებს არ ეკისრებათ SMS და MMS გადასახადი დაშიფრული კომუნიკაციებისთვის. Android-ზე, Signal-ს შეუძლია ჩაანაცვლოს თქვენი ნაგულისხმევი ტექსტური შეტყობინების აპლიკაცია, ასე რომ Signal-ის მეშვეობით ჯერ ისევ შესაძლებელია დაუშიფრავი SMS შეტყობინებების გაგზავნა. დაუშიფრავი SMS შეტყობინებები იგზავნება თქვენი მობილური კავშირის სატარიფო გეგმით და შესაძლოა დაგეკისროთ თქვენი გეგმით დადგენილი საფასური.

ჩამოტვირთვის ადგილმდებარეობა: აღნიშნული აპის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მაღაზიიდან Google Play

სისტემური მოთხოვნები: Android 4.4 და უფრო ახალი ვერსიები

ამ სახელმძღვანელოში გამოყენებული ვერსია: Signal Android 5.4.7

ლიცენზია: GPLv3

დამატებითი ინფორმაციისთვის:

დონე: დამწყები-საშუალო

საჭირო დრო: 15-20 წუთი

ბოლო რედაქცია: 5-21-2021

დაინსტალირება თქვენს Android ტელეფონზე

ნაბიჯი 1: ჩამოტვირთეთ და დააინსტალირეთ Signal

თქვენს Android მოწყობილობაზე შედით Google Play Store-ში და მოძებნეთ “Signal.” იპოვეთ Signal Private Messenger და შეეხეთ “დაინსტალირებას.”

Signal-ის დაინსტალირების დასრულების შემდეგ, აპის გასაშვებად, შეეხეთ “გახსნას”.

ნაბიჯი 2: ნებართვების მინიჭება ან უარყოფა

საწყისი ეკრანის შემდეგ იხილავთ დიალოგს, რომელიც განმარტავს, თუ რატომ ითხოვს Signal თქვენს ტელეფონზე „კონტაქტებზე“ წვდომის ნებართვას.

“გაგრძელებაზე” შეხების შემდეგ თქვენი Android ტელეფონი შემოგთავაზებთ, გაუზიაროთ თქვენი კონტაქტების სია Signal-ის აპს. ეს საშუალებას მოგცემთ უფრო მარტივად გაარკვიოთ, თქვენი კონტაქტებიდან რომელთან შეგიძლიათ დაკავშირება Signal-ის მეშვეობით. თუ არ მისცემთ ამ ნებართვას, მაშინ მაინც შეგიძლიათ გამოიყენოთ Signal, მაგრამ თქვენს კონტაქტებთან საუბრის დასაწყებად მოგიწევთ ხელით აკრიფოთ მათი ტელეფონის ნომრები.

თქვენ ასევე შემოგთავაზებენ, ნება დართოთ Signal-ს, განახორციელოს და მართოს ტელეფონის ზარები. თუ არ მისცემთ ამ ნებართვას, მაინც შეძლებთ Signal-ით სარგებლობას, მაგრამ Signal ვეღარ გაიგებს, ამჟამად საუბრობთ თუ არა ტელეფონზე. შედეგად, Signal-ის ნებისმიერმა შემომავალმა ზარმა შეიძლება შეწყვიტოს თქვენი ჩვეულებრივი სატელეფონო ზარები.

ნაბიჯი 3: დაარეგისტრირეთ და დაადასტურეთ თქვენი ტელეფონის ნომერი

თქვენ ახლა იხილავთ შემდეგ ეკრანს. შეიყვანეთ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი და შეეხეთ „შემდეგს”.

თქვენი ტელეფონის ნომრის დასადასტურებლად მიიღებთ SMS შეტყობინებას ექვსციფრიანი კოდით. შემდეგ მოგთხოვენ ამ კოდის შეყვანას.

ნაბიჯი 4: აირჩიეთ პროფილის სახელი და გამოსახულება

თქვენ მიერ არჩეული პროფილის გამოსახულება და სახელი ნაჩვენები იქნება თქვენ მიერ მისამართების წიგნაკში შენახული ნებისმიერი კონტაქტისთვის, როდესაც წამოიწყებთ ან მიიღებთ ახალ საუბრებს ან შეუერთდებით ახალ ჯგუფებს. სახელი (ნამდვილი ან გამოგონილი) აუცილებელია, გამოსახულება და გვარი არასავალდებულოა. ამ ეტაპზე შეიყვანეთ თქვენი ინფორმაცია და დააჭირეთ „შემდეგს“.

ნაბიჯი 5: აირჩიეთ PIN ან პაროლი

PIN უსაფრთხოდ ინახავს თქვენს ინფორმაციას Signal-ის სერვერებზე და ტელეფონის შეცვლის შემთხვევაში მისი მეშვეობით შეძლებთ თქვენი პარამეტრების, პროფილისა და კონტაქტების აღდგენას. აირჩიეთ უსაფრთხო PIN ან პაროლი და შეეხეთ „შემდეგს“.

თქვენ გთხოვენ დაადასტუროთ თქვენი PIN. კვლავ შეიყვანეთ ის  და შეეხეთ „შემდეგს”.

Signal-ის გამოყენება

Signal-ით სარგებლობისთვის, პიროვნებას, რომელსაც თქვენ უკავშირდებით, უნდა ჰქონდეს დაინსტალირებული Signal. თუ თქვენ ცდილობთ შეტყობინების გაგზავნას ვინმესთვის Signal-ის გამოყენებით და მას არ აქვს დაინსტალირებული Signal-ის აპი, ის შეეცდება გაუგზავნოს სტანდარტული, არადაშიფრული ტექსტური შეტყობინება. სტანდარტული ტექსტური შეტყობინება გაიგზავნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Signal დაყენებულია ნაგულისხმევ SMS აპად. თუ თქვენ ცდილობთ პიროვნებასთან დარეკვას, ის განახორციელებს სტანდარტულ სატელეფონო ზარს.

გაფრთხილება: Signal უზრუნველყოფს Signal-ის სხვა მომხმარებლების სიას თქვენს კონტაქტებში. ამისათვის თქვენი კონტაქტების სიაში არსებული ტელეფონის ნომრების აღმნიშვნელი მონაცემები აიტვირთება Signal-ის სერვერებზე, თუმცა ეს მონაცემები თითქმის დაუყოვნებლივ წაიშლება. ეს შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს მათთვის, ვისაც აქვს საფრთხის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე მოდელები. თუ თქვენი კონტაქტების Signal-თან გაზიარება თქვენთვის მიუღებელია, შეგიძლიათ უარყოთ კონტაქტებზე წვდომის ნებართვა დაყენებისას, როგორც ეს აღწერილია ზემოთ.

კონტაქტთან კომუნიკაცია

როგორ გავაგზავნოთ დაშიფრული შეტყობინება

გაფრთხილება: გაითვალისწინეთ, რომ Signal Foundation, Signal-ის შემქმნელები, მომხმარებლების გასაფრთხილებლად ახალი შეტყობინებების მიღების შესახებ, იყენებენ სხვა კომპანიების ინფრასტრუქტურას. ისინი იყენებენ Google-ს Android-ზე და Apple-ს iPhone-ზე. ეს ნიშნავს, რომ ინფორმაციამ იმის შესახებ, თუ ვინ და როდის იღებს შეტყობინებებს, შესაძლოა გაჟონოს ამ კომპანიებში.

დასაწყებად შეეხეთ კალმის ხატულას ეკრანის ცენტრიდან მარჯვენა მხარეს.

თქვენს კონტაქტებში იხილავთ Signal-ის ყველა რეგისტრირებული მომხმარებლის სიას.

როდესაც კონტაქტს შეეხებით, გადახვალთ თქვენს კონტაქტთან საუბრის ეკრანზე. ამ ეკრანიდან შეგიძლიათ გააგზავნოთ ბოლომდე დაშიფრული ტექსტი, სურათი, სტიკერები, აუდიო ან ვიდეო შეტყობინებები.

როგორ განვახორციელოთ დაშიფრული ზარი

კონტაქტთან დაშიფრული ვიდეოზარის განსახორციელებლად აირჩიეთ ეს კონტაქტი და შეეხეთ კამერის ხატულას (1). ხმოვანი ზარებისთვის შეეხეთ ტელეფონის ხატულას (2).

ამ ეტაპზე Signal-მა შეიძლება მოითხოვოს მიკროფონზე წვდომის ნებართვა. შეეხეთ „დაშვებას“.

ზარის დამყარებისთანავე  ხდება თქვენი ზარის დაშიფვრა.

ჯგუფთან კომუნიკაცია

როგორ დავიწყოთ დაშიფრული ჯგუფური ჩატი

თქვენ შეგიძლიათ გაგზავნოთ დაშიფრული ჯგუფური შეტყობინება ეკრანის ცენტრიდან მარჯვნივ მდებარე კალმის ხატულაზე დაჭერით და შემდეგ „ახალი ჯგუფის“ არჩევით.

შემდეგ ეკრანზე თქვენ შეძლებთ მონაწილეების დამატებას ჯგუფში. მონაწილეთა დამატების შემდეგ შეგიძლიათ შეეხოთ ისარს ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში.

ახლა შეგიძლიათ დაასახელოთ ჯგუფი, შემდეგ შეეხეთ „შექმნას“.

ეს გაუშვებს ჯგუფურ ჩატს.

ამ ეტაპზე ნებისმიერს შეუძლია ჯგუფში წევრების დამატება. თუ გსურთ შეცვალოთ ეს, ან ჯგუფის სახელი, ხატულა, ან დაამატოთ ან წაშალოთ მონაწილეები, ეს შეიძლება გაკეთდეს ჯგუფური ჩატის ეკრანიდან ჯგუფის სახელზე შეხებით.

ბმულის გაზიარება ნებისმიერისთვის, რომ შეუერთდეს თქვენს ჯგუფს

Signal გაძლევთ საშუალებას, შექმნათ ბმული ჯგუფისთვის და გააზიაროთ ეს ბმული, რათა ყველას ჰქონდეს ჯგუფთან მიერთების შესაძლებლობა ხელით დამატების გარეშე.

„ჯგუფის ბმულის“ გასააქტიურებლად გახსენით ეკრანი, საიდანაც შეგიძლიათ გაუგზავნოთ შეტყობინება თქვენს ჯგუფს. ამ ეკრანიდან შეეხეთ ჯგუფის სახელს ეკრანის ზედა ნაწილში, შემდეგ გადაადგილდით ქვემოთ და შეეხეთ „ჯგუფის ბმულს“.

გამოჩნდება ეკრანი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ჩართოთ ჯგუფის ბმული და ასევე აირჩიოთ, საჭიროა თუ არა ახალი წევრების ხელით დამტკიცება  ჯგუფის ადმინისტრატორის მიერ. ამ მაგალითში ჩვენ ორივეს ჩავრთავთ.

ჩართვის შემდეგ შეგიძლიათ ჯგუფის ბმული გაუზიაროთ სხვებს „გაზიარებაზე“ შეხებით.

თუ ჩართული გაქვთ „ახალი წევრების დამტკიცება“, ნებისმიერ დროს, როცა წევრი შეეცდება ჯგუფში გაწევრიანებას, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ.

აქედან შეგიძლიათ შეეხოთ „ნახვას“, რათა გადახვიდეთ „მომლოდინე ჯგუფის მოწვევის“ ეკრანზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ გადაადგილდეთ ამ ეკრანზე ჯგუფის პარამეტრების ეკრანიდან.

შეეხეთ თოლიას მოთხოვნის დასამტკიცებლად, ან „x“-ს მის უარსაყოფად.

ჯგუფების შეზღუდვა და ადმინისტრირება

პირველივე შექმნისას ნებისმიერს შეუძლია ჯგუფში ახალი წევრების დამატება ან ჯგუფის პარამეტრების შეცვლა. ჯგუფები შეიძლება შეიზღუდოს ისე, რომ მხოლოდ ჯგუფის ადმინისტრატორებს ჰქონდეთ ეს ნებართვები.

ჯგუფის შეზღუდვისთვის გახსენით ეკრანი, საიდანაც შეგიძლიათ გაუგზავნოთ შეტყობინება თქვენს ჯგუფს. ამ ეკრანიდან შეეხეთ ჯგუფის სახელს ეკრანის ზედა ნაწილში, შემდეგ გადაადგილდით ქვემოთ. თქვენ იხილავთ ჯგუფის პარამეტრებს „წევრების დამატების“ და „ჯგუფის ინფორმაციის რედაქტირების“ ქვეშ. პარამეტრების შესაცვლელად შეეხეთ მათ.

თავდაპირველად, როდესაც ჯგუფი იქმნება, ერთადერთი ადმინისტრატორი არის ჯგუფის შემქმნელი. Signal საშუალებას აძლევს ჯგუფის შემქმნელს გადასცეს ადმინისტრატორის ნებართვები ჯგუფის წევრებს.

იმისთვის, რომ წევრი გახდეს ადმინისტრატორი, შეეხეთ ჯგუფის სახელს ეკრანის ზედა ნაწილში. შემდეგ გადაადგილდით ბოლომდე ქვემოთ, ჯგუფის წევრებამდე. შეეხეთ წევრს.

თქვენ იხილავთ ოფციას, გახდეს თუ არა ეს წევრი ჯგუფის ადმინისტრატორი.

როგორ განვახორციელოთ ჯგუფური დაშიფრული ზარი

მთელი ჯგუფისთვის დაშიფრული ვიდეოზარის დასაწყებად აირჩიეთ ეს ჯგუფი და შემდეგ შეეხეთ კამერის ხატულას.

ამ ეტაპზე, Signal-მა შეიძლება მოგთხოვოთ აუდიოს ჩაწერის ნებართვა. შეეხეთ „დაშვებას“.

ამის შემდეგ იხილავთ ეკრანს, რომლის საშუალებით ზარის დაწყებამდე შეგიძლიათ შეცვალოთ გამოსაყენებელი კამერა, გამორთოთ ვიდეო ან თქვენი მიკროფონი. შეეხეთ „ზარის დაწყებას“.

ამ მომენტში თქვენი ზარი დაიწყება. როდესაც მონაწილეები შეუერთდებიან თქვენს ზარს, ისინი გამოჩნდებიან თქვენს ეკრანზე.

საუბრების დადუმება

ხანდახან საუბრებმა შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების გაფანტვა. ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ჯგუფური საუბრებისთვის, არის შეტყობინებების დადუმება, ასე რომ, თქვენ აღარ იხილავთ ახალ შეტყობინებას ყოველი ახალი შეტყობინების მიღებისას. ეს შეიძლება გაკეთდეს ჯგუფური საუბრის ეკრანიდან ჯგუფის სახელზე შეხებით და „დადუმების“ არჩევით. ამის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენი ხნის განმავლობაში იყოს გააქტიურებული დადუმება. სურვილის შემთხვევაში, ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას ინდივიდუალურ საუბრებზეც.

როგორ გადაამოწმოთ თქვენი კონტაქტები

ამ ეტაპზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ იმ პირის ნამდვილობა, ვისთანაც საუბრობთ. ეს კეთდება იმაში დასარწმუნებლად,  რომ მათი დაშიფვრის გასაღები არ იყო გაყალბებული ან არ შეცვლილა სხვისი გასაღებით — პროცესი, რომელსაც გასაღების გადამოწმება ეწოდება. გასაღების ხელყოფა წარმოადგენს პოტენციურ რისკს აპლიკაციის დაუცველ ქსელში ჩამოტვირთვისას. გადამოწმება არის პროცესი, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც ფიზიკურად იმყოფებით იმ პირის თანდასწრებით, ვისთანაც საუბრობთ.

პირველ რიგში, გახსენით ეკრანი, საიდანაც შეგიძლიათ გაუგზავნოთ შეტყობინება თქვენს კონტაქტს, როგორც ეს აღწერილია ზემოთ. ამ ეკრანიდან შეეხეთ თქვენი კონტაქტის სახელს ეკრანის ზედა ნაწილში.

შემდეგი ეკრანიდან შეეხეთ „უსაფრთხო ნომრის ნახვას“.

თქვენ გადახვალთ ეკრანზე, რომელიც აჩვენებს QR კოდს და „უსაფრთხო ნომერს“. ეს კოდი უნიკალური იქნება ყველა სხვა კონტაქტისთვის, ვისთანაც საუბრობთ. სთხოვეთ თქვენს კონტაქტს გადავიდეს შესაბამის ეკრანზე თქვენთან სასაუბროდ,  რათა  მის ეკრანზეც გამოჩნდეს QR კოდი.

დაბრუნდით თქვენს მოწყობილობაზე, შეეხეთ QR კოდს სკანირებისთვის. ამ ეტაპზე Signal-მა შეიძლება გთხოვოთ კამერაზე წვდომის ნებართვა. შეეხეთ „დაშვებას“.

ახლა თქვენ შეძლებთ გამოიყენოთ კამერა QR კოდის დასასკანირებლად, რომელიც ნაჩვენებია თქვენი კონტაქტის ეკრანზე. გაუსწორეთ თქვენი კამერა QR კოდს:

იმედია, თქვენი კამერა დაასკანირებს QR კოდს და აჩვენებს მწვანე თოლიას, როგორიცაა:

ეს მიუთითებს, რომ თქვენ წარმატებით დაადასტურეთ თქვენი კონტაქტი. ახლა თქვენ უნდა გადაიტანოთ „დამოწმებული“ ცოცია მარჯვნივ, რათა აპმა დაიმახსოვროს, რომ თქვენი კონტაქტი დადასტურებულია. თუ თქვენი ეკრანი ასე გამოიყურება, რაღაც არასწორად წარიმართა:

თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ სენსიტიური თემების განხილვა, სანამ არ დაადასტურებთ  ამ ადამიანის გასაღებებს.

შენიშვნა გამოცდილი მომხმარებლებისთვის: ეკრანზე, რომელზეც ნაჩვენებია თქვენი QR კოდი, ზედა მარჯვენა კუთხეში ასევე არის ხატულა თქვენი უსაფრთხო ნომრის გასაზიარებლად. პირადად დადასტურება უპირატესი მეთოდია, მაგრამ თქვენ შესაძლოა უკვე დაადასტურეთ თქვენი კონტაქტი სხვა უსაფრთხო აპლიკაციის გამოყენებით. ვინაიდან თქვენ უკვე გადაამოწმეთ თქვენი კონტაქტი, შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ ამ აპლიკაციაში დამკვიდრებული ნდობა ნომრების დასადასტურებლად Signal-ში, თქვენი კონტაქტის ფიზიკური დასწრების აუცილებლობის გარეშე. ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გააზიაროთ თქვენი უსაფრთხო ნომერი ამ აპლიკაციაში „გაზიარების“ ხატულაზე შეხებით და თქვენი საკონტაქტო პირისთვის თქვენი უსაფრთხო ნომრის გაგზავნით.

შეტყობინებების გაუჩინარება

Signal-ს აქვს ფუნქცია სახელწოდებით „შეტყობინებების გაუჩინარება“, რომელიც უზრუნველყოფს შეტყობინებების წაშლას თქვენი მოწყობილობიდან და თქვენი კონტაქტ(ებ)ის მოწყობილობიდან ჩატში შეტყობინებების ნახვის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში.

გაფრთხილება: თქვენ ვერ გააკონტროლებთ იმ ადამიანს, ვისთანაც საუბრობთ — მან შეიძლება ჩაწეროს ან გადაიღოს თქვენი საუბრის ეკრანის ანაბეჭდები, მაშინაც კი, თუ თქვენ ჩართული გაქვთ „შეტყობინებების გაუჩინარება“.

საუბრისთვის „შეტყობინებების გაუჩინარების“ ჩასართავად, გახსენით ეკრანი, საიდანაც შეგიძლიათ გაუგზავნოთ შეტყობინება თქვენს კონტაქტს ან ჯგუფს. ამ ეკრანიდან შეეხეთ კონტაქტის ან ჯგუფის სახელს ეკრანის ზედა ნაწილში, შემდეგ შეეხეთ „შეტყობინებების გაუჩინარებას“.

გამოჩნდება დიალოგი, რომელიც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ რამდენად სწრაფად გაქრეს შეტყობინებები:

ამ პარამეტრის არჩევის შემდეგ შეეხეთ „OK“-ის და შემდეგ „←“ -ს ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში და საუბარში დაინახავთ ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს, რომ „შეტყობინებების გაუჩინარება“ ჩართულია.

ახლა შეგიძლიათ გაგზავნოთ შეტყობინებები დარწმუნებით, რომ ისინი წაიშლება არჩეული დროის შემდეგ.

ფაილების ან ფოტოების გაგზავნა

Signal ასევე საშუალებას გაძლევთ, გაუზიაროთ ფაილები და ფოტოები თქვენს კონტაქტებს. საუბრის ეკრანიდან შეეხეთ „+“ ხატულას ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში.

ამ ეტაპზე Signal-მა შეიძლება მოითხოვოს თქვენს ფოტოებზე წვდომის ნებართვა. შეეხეთ „წვდომის ნებართვას“ და შემდეგ „დაშვებას“ მომდევნო დიალოგში.

ეკრანის ბოლოში ახლა გამოჩნდება ფოტოების შენარჩევი, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ გასაზიარებლად. მის ქვემოთ, ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ფაილის, კონტაქტის ან თქვენი მდებარეობის გაზიარება.