ქსელის ცენზურის გაგება და მისი გვერდის ავლა

English

ბოლო რედაქცია: 4-25-2020

წინამდებარე სტატია წარმოადგენს ქსელის ცენზურის მიმოხილვას, მაგრამ ეს არ არის ამომწურავი ინფორმაცია.

მთავრობები, კომპანიები, სკოლები და ინტერნეტ-პროვაიდერები ხანდახან იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა არ დაუშვან მათი მომხმარებლების  წვდომა გარკვეულ ვებსაიტებსა და სერვისებზე, რომლებიც სხვაგვარად ხელმისაწვდომია ღია ქსელში. ამას ჰქვია ინტერნეტის ფილტრაცია ან დაბლოკვა და ეს ცენზურის სახეობაა. ფილტრაცია ხორციელდება სხვადასხვა ფორმით. დაშიფვრის შემთხვევაშიც კი, ცენზორებს შეუძლიათ დაბლოკონ მთელი ვებსაიტები, ჰოსტინგის პროვაიდერები ან ინტერნეტ-ტექნოლოგიები. ზოგჯერ კონტენტი იბლოკება მასში შემავალი საკვანძო სიტყვების საფუძველზე. როდესაც საიტები არ არის დაშიფრული, ცენზურას ასევე შეუძლია დაბლოკოს ცალკეული ვებგვერდები.

ინტერნეტ-ცენზურის გვერდის ავლის სხვადასხვა გზა არსებობს. ზოგიერთი გიცავთ მეთვალყურეობისგან, მაგრამ უმეტესობა - არა.  როდესაც ვინმე, ვინც აკონტროლებს თქვენს ქსელურ კავშირს, ფილტრავს ან ბლოკავს საიტს, თქვენ თითქმის ყოველთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ცენზურის გვერდის ავლის ინსტრუმენტი თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.

შენიშვნა: გვერდის ავლის ინსტრუმენტები, რომლებიც იძლევა კონფიდენციალურობის ან უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობას, ყოველთვის არ არის კონფიდენციალური ან უსაფრთხო. ხოლო ინსტრუმენტები, რომლებიც იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „ანონიმიზატორი“, ყოველთვის არ ინახავს საიდუმლოდ თქვენს პირადობას.

თქვენთვის საუკეთესო გვერდის ავლის ინსტრუმენტი დამოკიდებულია თქვენს უსაფრთხოების გეგმაზე. თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ შექმნათ უსაფრთხოების გეგმა, დაიწყეთ აქედან. უსაფრთხოების გეგმის შექმნისას გაითვალისწინეთ, რომ ვინმემ, ვინც აკონტროლებს თქვენს ინტერნეტ კავშირს, შეიძლება შეამჩნიოს, რომ თქვენ იყენებთ გვერდის ავლის კონკრეტულ ინსტრუმენტს ან ტექნიკას და მიიღოს ზომები თქვენს ან სხვების წინააღმდეგ.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ ინტერნეტ-ცენზურის გაგებაზე, ვის შეუძლია მისი განხორციელება და როგორ ხდება ეს.

ინტერნეტ-ცენზურის და თვალთვალის გაგება

ინტერნეტს აქვს მრავალი პროცესი, რომლებიც ყველა ერთად სათანადოდ უნდა მუშაობდეს, რათა თქვენი კომუნიკაციები ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანოთ. თუ ვინმე ცდილობს დაბლოკოს ინტერნეტის ნაწილები ან კონკრეტული აქტივობები, მათ შეიძლება მიზანში ამოიღონ სისტემის სხვადასხვა ნაწილი. მეთოდები, რომლებსაც ისინი იყენებენ, შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რომელ ტექნოლოგიასა და მოწყობილობებს აკონტროლებენ ისინი, მათ ცოდნაზე, რესურსებზე და გააჩნიათ თუ არა მათ ძალაუფლება უთხრან სხვებს, თუ რა უნდა გააკეთონ.

მეთვალყურეობა და ცენზურა: ერთი და იმავე მონეტის ორი მხარე

ინტერნეტ-თვალთვალი და ცენზურა ერთდროულად ხდება. ინტერნეტ-ცენზურა ორსაფეხურიანი პროცესია:

  1. გამოავლინეთ „მიუღებელი“ აქტივობა

  2. დაბლოკეთ „მიუღებელი“ აქტივობა

„მიუღებელი“ აქტივობის დაფიქსირება იგივეა, რაც ინტერნეტ თვალთვალი. თუ ქსელის ადმინისტრატორები ხედავენ სად შედიხართ ინტერნეტში, მათ შეუძლიათ გადაწყვიტონ, დაბლოკონ თუ არა ის. ინტერნეტისა და მონაცემთა კონფიდენციალურობის ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების ადვოკატირებით ჩვენ ასევე შეგვიძლია გავართულოთ ინტერნეტის ფილტრაცია და დაბლოკვა.

გვერდის ავლის ბევრ ტექნიკას ასევე აქვს დამატებითი სარგებელი -  თქვენი ინფორმაციის დაცვა ქსელში მიყურადებისგან, როდესაც ონლაინ ხართ.

მეთვალყურეობის ღირებულება

ინტერნეტ ტრაფიკის დაბლოკვა ფასიანია, ხოლო გაძლიერებული დაბლოკვა შეიძლება  უფრო ძვირი იყოს. ამის გავრცელებული მაგალითია -  ჩინეთის მთავრობა არ ახორციელებს GitHub ვებსაიტის ცენზურას, მიუხედავად იმისა, რომ ვებსაიტზე განთავსებულია ბევრი ანტისამთავრობო საინფორმაციო ცნობა. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს სჭირდებათ წვდომა GitHub-ზე, რათა შეასრულონ სამუშაო, რომელიც სასარგებლოა ჩინეთის ეკონომიკისთვის. ცენზორებმა გადაწყვიტეს, რომ Github-ის დაბლოკვა უფრო ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე მისი დაბლოკვით მიღებული მოგება.

ყველა ცენზორი ერთსა და იმავე გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მაგალითად, ინტერნეტის დროებით გამორთვა სულ უფრო ხშირია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზომებმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ადგილობრივ ეკონომიკას.

სად და როგორ ხორციელდება ცენზურა და თვალთვალი

სად ხდება დაბლოკვა?

თქვენი კომპიუტერი ცდილობს დაუკავშირდეს საიტს https://eff.org, რომელიც იმყოფება მითითებულ IP მისამართზე (დანომრილი თანმიმდევრობა სერვერის გარდა უკავშირდება EFF-ის ვებსაიტს). ამ ვებსაიტის მოთხოვნა სრულდება და გადაეცემა სხვადასხვა მოწყობილობებს, როგორიცაა თქვენი საშინაო ქსელის როუტერი და თქვენი ინტერნეტ სერვისის პროვაიდერი (ISP), სანამ მიაღწევს https://eff.org-ის სასურველ IP მისამართს. ვებსაიტი წარმატებით იტვირთება თქვენს კომპიუტერზე.

თვალი, რომელიც აკვირდება კომპიუტერს, რომელიც ცდილობს eff.org-თან დაკავშირებას.

(1) თქვენი მოწყობილობების დაბლოკვა ან გაფილტვრა. ეს განსაკუთრებით ხშირია სკოლებსა და დაწესებულებებში. ვინმეს, ვინც ახორციელებს თქვენი კომპიუტერებისა და ტელეფონების გაწყობას ან მართავს, შეუძლია მათზე განათავსოს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ზღუდავს მათ გამოყენებას. პროგრამული უზრუნველყოფა ცვლის მოწყობილობის მუშაობის წესს და შეუძლია გარკვეული ხერხების მეშვეობით აღკვეთოს გარკვეულ საიტებზე წვდომა ან კომუნიკაცია ინტერნეტში. ჯაშუშური პროგრამა შეიძლება ანალოგიურად მოქმედებდეს.

თვალი, რომელიც აკვირდება საშინაო ქსელის როუტერში შემომავალ და გამავალ ტრაფიკს.

(2) ლოკალური ქსელის ფილტრაცია. ეს განსაკუთრებით გავრცელებულია სკოლებსა და დაწესებულებებში. ვინმე, ვინც მართავს თქვენს ლოკალურ ქსელს (მაგალითად, WiFi ქსელი) აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს თქვენს ინტერნეტ აქტივობაზე, როგორიცაა მონიტორინგი ან კონტროლი, თუ სად შედიხართ ონლაინ ან გარკვეული საკვანძო სიტყვებით ძიებისას.

თვალი, რომელიც აკვირდება ინტერნეტ სერვისის პროვაიდერში შემავალ და გამომავალ ტრაფიკს.

(3) ინტერნეტ სერვისის პროვაიდერების მიერ დაბლოკვა ან გაფილტვრა. თქვენს ინტერნეტ სერვისის პროვაიდერს, როგორც წესი, შეუძლია შეასრულოს იმავე ტიპის ფილტრაცია, როგორც თქვენი ლოკალური ქსელის ადმინისტრატორს. ბევრ ქვეყანაში ინტერნეტ სერვისის პროვაიდერები იძულებულნი არიან განახორციელონ ინტერნეტის რეგულარული გაფილტვრა და ცენზურა. კომერციულ ინტერნეტ სერვისის პროვაიდერებს შეუძლიათ შეასრულონ ფილტრაციის სერვისი ოჯახებისთვის ან დამსაქმებლებისთვის. კერძო საცხოვრებლის ინტერნეტ სერვისის პროვაიდერებს შეუძლიათ პირდაპირ უზრუნველყონ მომხმარებლებისთვის გაფილტრული კავშირები ოპციის სახით და ავტომატურად გამოიყენონ ცენზურის სპეციფიკური მეთოდები (როგორცაღწერილია ქვემოთ) მათი ინტერნეტ სერვისის პროვაიდერების ყველა კავშირზე. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება მაშინაც კი, თუ ეს არ მოითხოვება მთავრობის მიერ, რადგან ეს სურს მათ ზოგიერთ მომხმარებელს.

როგორ ხდება დაბლოკვა?

IP მისამართის დაბლოკვა. „IP მისამართები“ არის კომპიუტერების მდებარეობები ინტერნეტში.  ყველა ინფორმაციას, რომელიც იგზავნება ინტერნეტით, აქვს „ადრესატის“ მისამართი და „გამომგზავნის“ მისამართი. ინტერნეტ სერვისის პროვაიდერებს ან ქსელის ადმინისტრატორებს შეუძლიათ შექმნან მდებარეობების სიები, რომლებიც შეესაბამება სერვისებს, რომელთა დაბლოკვაც მათ სურთ. შემდეგ მათ შეუძლიათ დაბლოკონ ქსელში ინფორმაციის ნებისმიერი ფრაგმენტი, რომელიც მიეწოდება ამ ადგილმდებარეობაზე ან იქიდან მომდინარეობს.

ამ დიაგრამაზე ინტერნეტ სერვისის პროვაიდერი ადარებს მოთხოვნილ IP მისამართს დაბლოკილი IP მისამართების სიასთან. ის განსაზღვრავს, რომ eff.org-ის IP მისამართი ემთხვევა დაბლოკილ IP მისამართს და ბლოკავს ვებსაიტის მოთხოვნას.

DNS ბლოკირება. თქვენი მოწყობილობა ეკითხება კომპიუტერებს, სახელწოდებით „DNS გადამწყვეტები“, სად მდებარეობს საიტები. როდესაც თქვენ უკავშირდებით ინტერნეტს, ნაგულისხმევი DNS გადამწყვეტი, რომელსაც თქვენი მოწყობილობა იყენებს, როგორც წესი, ეკუთვნის თქვენს ინტერნეტ სერვისის პროვაიდერს. ინტერნეტ სერვისის პროვაიდერს შეუძლია დააპროგრამოს თავისი DNS გადამწყვეტი, რომ მან გასცეს არასწორი პასუხი ან არ უპასუხოს, როდესაც მომხმარებელი ცდილობს მოძებნოს დაბლოკილი საიტის ან სერვისის მდებარეობა. თუ შეცვლით თქვენს DNS გადამწყვეტს, მაგრამ თქვენი DNS კავშირი არ არის დაშიფრული, თქვენს ინტერნეტ სერვისის პროვაიდერს მაინც შეუძლია შერჩევით დაბლოკოს ან შეცვალოს პასუხები დაბლოკილი სერვისებისთვის.

ამ დიაგრამაზე eff.org-ის IP მისამართის მოთხოვნა იცვლება ინტერნეტ სერვისის პროვაიდერის დონეზე. ინტერნეტ სერვისის პროვაიდერი ერევა DNS გადამწყვეტში და IP მისამართის გადამისამართება ხდება არასწორი პასუხის გასაცემად ან უპასუხოდ დასატოვებლად.

საკვანძო სიტყვების ფილტრაცია. თუ ტრაფიკი არ არის დაშიფრული, ინტერნეტ სერვისის პროვაიდერებს შეუძლიათ დაბლოკონ ვებგვერდები მათი შინაარსის საფუძველზე. დაშიფრული საიტების საერთო ზრდის ტენდენციით,~ ამ ტიპის ფილტრაცია ნაკლებად პოპულარული ხდება.

ერთი გაფრთხილება მდგომარეობს იმაში, რომ ადმინისტრატორებს შეუძლიათ დაშიფრული აქტივობის გაშიფვრა, თუ მომხმარებლები დააინსტალირებენ სანდო „CA სერტიფიკატს“, რომელიც უზრუნველყოფილია მათი მოწყობილობის ადმინისტრატორების მიერ. ვინაიდან მოწყობილობის მომხმარებელმა უნდა დააინსტალიროს სერტიფიკატი, ეს უფრო გავრცელებული პრაქტიკაა ლოკალური ქსელებისთვის დაწესებულებებსა და სკოლებში, მაგრამ ნაკლებად გავრცელებულია ინტერნეტ სერვისის პროვაიდერის დონეზე.

დაშიფრული ვებსაიტის კავშირზე ინტერნეტ სერვისის პროვაიდერს შეუძლია შეამოწმოს საიტის კონტენტი დაბლოკილი კონტენტის ტიპებზე. ამ მაგალითში არანორმატიული ლექსიკის ხსენება იწვევს ვებსაიტის ავტომატურ დაბლოკვას.

HTTPS საიტის ფილტრაცია. HTTPS-ით საიტებზე წვდომისას მთელი კონტენტი იშიფრება, გარდა საიტის სახელისა. ვინაიდან მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ საიტის სახელის ნახვა, ინტერნეტ სერვისის პროვაიდერებს ან ადგილობრივ ქსელის ადმინისტრატორებს შეუძლიათ გადაწყვიტონ რომელ საიტებზე დაბლოკონ წვდომა.

ამ დიაგრამაზე კომპიუტერი ცდილობს eff.org/deeplinks-ზე წვდომას. ქსელის ადმინისტრატორს (რომელიც წარმოდგენილია როუტერის მიერ) შეუძლია ნახოს დომენი (eff.org), მაგრამ არა ვებსაიტის სრული მისამართი დახრილი ხაზის შემდეგ. ქსელის ადმინისტრატორს შეუძლია გადაწყვიტოს, რომელ დომენებზე დაბლოკოს წვდომა.

პროტოკოლის და პორტის დაბლოკვა. ქსელის დაცვამ ან როუტერმა შეიძლება სცადოს დაადგინოს, თუ რა სახის ინტერნეტ-ტექნოლოგიას იყენებს ვინმე კომუნიკაციისთვის, და დაბლოკოს ზოგიერთი მათგანი კომუნიკაციის ტექნიკური დეტალების ამოცნობით (პროტოკოლები და პორტის ნომრები არის ინფორმაციის მაგალითები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იმის დასადგენად, თუ რა ტექნოლოგიაა გამოყენებული). თუ ქსელის დაცვას შეუძლია სწორად ამოიცნოს რა სახის კომუნიკაცია ხდება ან რა ტექნოლოგია გამოიყენება, მისი კონფიგურაცია შესაძლებელია ისე, რომ მან არ გაიაროს ეს კომუნიკაცია. მაგალითად, ზოგიერთმა ქსელმა შეიძლება დაბლოკოს ტექნოლოგიები, რომლებსაც იყენებს გარკვეული VoIP (ინტერნეტ სატელეფონო ზარი) ან VPN აპლიკაციები.

ამ დიაგრამაზე როუტერი ამოიცნობს კომპიუტერს, რომელიც ცდილობს დაუკავშირდეს HTTPS საიტს, რომელიც იყენებს პორტს 443. პორტი 443 არის ამ როუტერის დაბლოკილი პროტოკოლების სიაში.

სხვა სახის დაბლოკვა

ჩვეულებრივ, დაბლოკვა და გაფილტვრა გამოიყენება, რათა ადამიანებმა ვერ შეაღწიონ კონკრეტულ საიტებზე ან სერვისებზე. თუმცა, სხვადასხვა ტიპის დაბლოკვაც სულ უფრო გავრცელებული ხდება.

ქსელის გამორთვა. ქსელის გამორთვა შეიძლება ასევე მოიცავდეს ქსელის ისეთი ინფრასტრუქტურის ფიზიკურ გამორთვას, როგორიცაა როუტერები, ქსელის კაბელები ან ფიჭური ანძები,  რის შედეგადაც კავშირი ფიზიკურად ფერხდება ან იმდენად ცუდია, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია.

ეს შეიძლება იყოს IP მისამართის დაბლოკვის განსაკუთრებული შემთხვევა, რომელშიც ყველა ან უმეტესი IP მისამართი დაბლოკილია. რადგან ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია დადგენა, თუ რომელ ქვეყანაში გამოიყენება IP მისამართი, ზოგიერთ ქვეყანაში ექსპერიმენტის სახით დროებით დაიბლოკა ყველა უცხოური IP მისამართი ან მათი უმრავლესობა, ზოგიერთი კავშირის დაშვებით ქვეყნის ფარგლებში, მაგრამ ქვეყნის გარეთ გამავალი კავშირების უმეტესობის დაბლოკვით.

კომპიუტერი ცდილობს დაუკავშირდეს eff.org-ის აშშ-ში მყოფ IP მისამართს. მოთხოვნა მოწმდება ინტერნეტ სერვისის პროვაიდერის დონეზე: eff.org-ის IP მისამართი მოწმდება დაბლოკილი საერთაშორისო IP მისამართების სიაში და იბლოკება.

რეგულირება. ინტერნეტ სერვისის პროვაიდერებს შეუძლიათ შერჩევით დაარეგულირონ ან შეანელონ სხვადასხვა ტიპის ტრაფიკი. ბევრმა სამთავრობო ცენზორმა დაიწყო გარკვეულ საიტებთან კავშირების შენელება, და არა მათი მთლიანად დაბლოკვა. ამ ტიპის დაბლოკვის იდენტიფიცირება უფრო რთულია და საშუალებას აძლევს ინტერნეტ სერვისის პროვაიდერს, უარყოს, რომ ის ზღუდავს წვდომას. ადამიანებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მათი ინტერნეტ-კავშირი უბრალოდ ნელია, ან რომ სერვისი, რომელსაც უკავშირდებიან, არ მუშაობს.

კომპიუტერი ცდილობს eff.org-თან დაკავშირებას. მათი ინტერნეტ სერვისის პროვაიდერი ანელებს მათ კავშირს.

გვერდის ავლის მეთოდები

ზოგადად, თუ თქვენი ინტერნეტ აქტივობის შესახებ ნაკლები ინფორმაციაა, თქვენი ინტერნეტ სერვისის პროვაიდერისთვის ან ქსელის ადმინისტრატორისთვის შეიძლება უფრო რთული იყოს კონკრეტული ტიპის აქტივობების შერჩევით დაბლოკვა. სწორედ ამიტომ შეიძლება დაგეხმაროთ ინტერნეტის დაშიფვრის სტანდარტების გამოყენება.

სურათზე ნაჩვენებია დაუცველი HTTP მოთხოვნა "http://example.com/page" მოწყობილობიდან. გვერდის URL და კონტენტი შეიძლება წაიკითხონ თქვენი ქსელის ადმინისტრატორებმა, თქვენმა ინტერნეტ სერვისის პროვაიდერმა და მათ შორის მყოფმა ნებისმიერმა პირმა.

HTTP ნაკლებად იცავს თქვენს დათვალიერების ინფორმაციას...

სურათზე ნაჩვენებია უსაფრთხო HTTPS მოთხოვნა „https://eff.org/deeplinks“ მოწყობილობიდან. თქვენი ქსელის ადმინისტრატორები და თქვენი ინტერნეტ სერვისის პროვაიდერები ხედავენ საიტს, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ გვერდს, რომელსაც თქვენ ათვალიერებთ.

...HTTPS ბევრად მეტს იცავს...

სურათზე ნაჩვენებია იდეალური უსაფრთხო HTTPS მოთხოვნა "https://eff.org/deeplinks" მოწყობილობიდან. DNS-ის და საიტის სახელის დაშიფვრით თქვენს ქსელის ადმინისტრატორებს ან ინტერნეტ სერვისის პროვაიდერს გაუჭირდებათ იმის გარკვევა, თუ რომელ ვებსაიტს ათვალიერებთ.

…დაშიფრული DNS და სხვა პროტოკოლები საიტის სახელსაც დაიცავს.

თქვენი DNS პროვაიდერის შეცვლა და დაშიფრული DNS-ის გამოყენება 

თუ ინტერნეტ სერვისის პროვაიდერები ეყრდნობიან მხოლოდ DNS-ის დაბლოკვას, თქვენი DNS პროვაიდერის შეცვლამ და დაშიფრული DNS-ის გამოყენებამ შეიძლება აღადგინოს თქვენი წვდომა.

თქვენი DNS პროვაიდერის შეცვლა. ეს შეიძლება გაკეთდეს თქვენი მოწყობილობის „ქსელის პარამეტრებში“ (ტელეფონის ან კომპიუტერის). გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ახალი DNS პროვაიდერი მიიღებს ინფორმაციას თქვენი დათვალიერების აქტივობის შესახებ, რომელიც ადრე ჰქონდა თქვენს ინტერნეტ სერვისის პროვაიდერს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონფიდენციალურობის დარღვევის რისკი თქვენი საფრთხის მოდელიდან გამომდინარე. Mozilla ადგენს DNS პროვაიდერების სიას, რომლებსაც აქვთ კონფიდენციალურობის დაცვის მკაცრი პოლიტიკა და ვალდებულებები, არ გააზიარონ თქვენი დათვალიერების მონაცემები.

დაშიფრული DNS-ის გამოყენება. ამჟამად გამოიყენება დაშიფრული DNS ტექნოლოგიები. ეს ხელს უშლის ქსელის ნებისმიერ სუბიექტს, დააკვირდეს (და გაფილტროს) თქვენი DNS ტრაფიკი. თქვენ შეგიძლიათ მარტივად დააკონფიგურიროთ DNS-over-HTTPS Firefox-ზე და DNS-over-TLS Android-ზე.

ამჟამად მომხმარებელს არ შეუძლია ამის მარტივად გაკეთება სხვა აპლიკაციებში.

VPN-ის ან დაშიფრული პროქსის გამოყენება

ამ დიაგრამაზე კომპიუტერი იყენებს VPN-ს, რომელიც შიფრავს მის ტრაფიკს და უკავშირდება eff.org-ს. ქსელის როუტერმა და ინტერნეტ სერვისის პროვაიდერმა შეიძლება დაინახონ, რომ კომპიუტერი იყენებს VPN-ს, მაგრამ მონაცემები დაშიფრულია. ინტერნეტ სერვისის პროვაიდერი მიმართავს კავშირს VPN სერვერზე სხვა ქვეყანაში. ეს VPN შემდეგ უკავშირდება ვებსაიტს eff.org.

ვირტუალური პირადი ქსელი (VPN) შიფრავს და აგზავნის ყველა ინტერნეტ მონაცემს თქვენი კომპიუტერიდან სერვერის (სხვა კომპიუტერის) მეშვეობით. ეს კომპიუტერი შეიძლება ეკუთვნოდეს კომერციულ ან არაკომერციულ VPN სერვისს, თქვენს კომპანიას ან სანდო კონტაქტს. VPN სერვისის სწორად კონფიგურაციის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი ვებგვერდებზე, ელფოსტაზე, მყისიერ შეტყობინებებზე, VoIP-ზე და ნებისმიერ სხვა ინტერნეტ სერვისზე წვდომისთვის. VPN იცავს თქვენს ტრაფიკს ლოკალური თვალთვალისგან, მაგრამ თქვენს VPN პროვაიდერს მაინც შეუძლია შეინახოს ჩანაწერები (ასევე ცნობილი, როგორც ჟურნალები) იმ ვებსაიტების შესახებ, რომლებზეც თქვენ განახორციელეთ წვდომა, ან თუნდაც მისცეს მესამე მხარეს თქვენი ვებ-დათვალიერების პირდაპირ ნახვის უფლება. თქვენი საფრთხის მოდელიდან გამომდინარე, შეიძლება არსებობდეს მთავრობის მიერ თქვენი VPN კავშირის მოსმენის ან თქვენს VPN ჟურნალებზე წვდომის მნიშვნელოვანი რისკი. ზოგიერთი მომხმარებლისთვის ამან შეიძლება გადაწონოს VPN-ის გამოყენების მოკლევადიანი სარგებელი.

გაეცანით ჩვენი კონკრეტული VPN სერვისების არჩევის სახელმძღვანელოს.

Tor ბრაუზერის გამოყენება

Tor არის ღია კოდის პროგრამა, რომელიც შექმნილია თქვენთვის ანონიმურობის უზრუნველსაყოფად ინტერნეტში. Tor ბრაუზერი არის ვებ ბრაუზერი, რომელიც აგებულია Tor ანონიმურობის ქსელის თავზე. რადგან Tor მართავს თქვენს ინტერნეტის დათვალიერების ტრაფიკს, ის ასევე გაძლევთ ცენზურის გვერდის ავლის საშუალებას. (იხილეთ ჩვენი პრაქტიკული სახელმძღვანელო: გამოიყენეთ Tor სახელმძღვანელოები Linux, macOS, Windows და Android-ისთვის).

კომპიუტერი იყენებს Tor-ს eff.org-თან დასაკავშირებლად. Tor მიმართავს კავშირს რამდენიმე „რეტრანსლატორის“ მეშვეობით, რომლებსაც შეიძლება მართავენ სხვადასხვა პირები ან ორგანიზაციები მთელ მსოფლიოში. საბოლოო „გასასვლელი რეტრანსლატორი“ უკავშირდება eff.org-ს. ინტერნეტ სერვისის პროვაიდერს შეუძლია დაინახოს, რომ თქვენ იყენებთ Tor-ს, მაგრამ ადვილად ვერ დაინახავს, რომელ საიტზე შეხვედით. eff.org-ის მფლობელს, ანალოგიურად, შეუძლია თქვას, რომ ვინმე, ვინც Tor-ს იყენებს, დაუკავშირდა მის საიტს, მაგრამ არ იცის, საიდან შემოდის ეს მომხმარებელი.

როდესაც პირველად გაუშვებთ Tor-ბრაუზერს, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ვარიანტი, რომელიც მიუთითებს, რომ იმყოფებით ცენზურას დაქვემდებარებულ ქსელში:

Tor-ის ქსელის პარამეტრების გვერდის ეკრანის ანაბეჭდი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს დამატებით არჩევანს „კონფიგურირების“ ღილაკის მეშვეობით, თუ მათი ინტერნეტ კავშირი ცენზურას ან პროქსის ექვემდებარება.

Tor არა მხოლოდ გვერდს უვლის ზოგიერთ ეროვნულ ცენზურას, არამედ, თუ სწორად არის კონფიგურირებული, ასევე შეუძლია დაიცვას თქვენი პირადობა მოწინააღმდეგისგან, რომელიც უსმენს თქვენი ქვეყნის ქსელებს. თუმცა, ის შეიძლება იყოს ნელი და რთული გამოსაყენებელი და ვინც ხედავს თქვენს ქსელში აქტივობას, შეიძლება შეამჩნიოს, რომ თქვენ იყენებთ Tor-ს.

შენიშვნა: დარწმუნდით, რომ ჩამოტვირთავთ Tor ბრაუზერი ოფიციალური ვებსაიტიდან.

შეიტყვეთ, თუ როგორ გამოიყენოთ Tor Linux, macOS, Windows და Android-ისთვის, მაგრამ გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ ფანჯარაში ზემოთ, „დაკავშირების“ ნაცვლად შეეხეთ „კონფიგურირებას“.